მოგესალმებით, მე ივანე დიდებელი ვარ, პროგრამა “Teach and Learn
with Georgia”-ს ერთ–ერთი მონაწილე და შევეცდები, რომ საინტერესოდ
გადმოვცე ჩემი ერთწლიანი ისტორია, რომელიც აღნიშნულ პროგრამასთან
თანამშრომლობით მივიღე. აქვე შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი წარმატებული მოღვაწეობის მიზეზებიც
და გაგიწიოთ ერთგვარი რეკომენდაცია, თუ მომავალში აპირებთ ამ პროგრამასთან თანამშრომლობას.
‘TLG’-ში
2012 წელს ჩავერთე და პროგრამის ფარგლებში
გავნაწილდი სამეგრელოში, მარტვილის ერთ–ერთ რაიონში. არასდროს დამავიწყდება ამ ლამაზ
კუთხეში გატარებული პირველი დღეები, როდესაც თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი,
იმ ფონზე, რომ არ ვიცოდი მეგრული ენა. არც
თუ ისე სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ვერ ხვდები, თუ რას საუბრობს მოსახლეობა შენზე,
რა რეაქცია აქვს მასპინძელ ოჯახს, სკოლის თანამშრომლებს, მოსწავლეებს ან მეზობლებს.
საბედნიეროდ, მოსახლეობა დადებითად შემხვდა და ჩვენი
ურთიერთობა ასევე პოზიტიურად წარიმართა ამ ერთი წლის განმავლობაში. ძალიან დიდი სიყვარულით
მიმიღეს და ასევე ძალიან გაუჭირდათ ჩემთან გამომშვიდობებაც. ეს განსაკუთრებით მასპინძელ
ოჯახს, მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ეხებათ.
გულწრფელად
რომ გითხრათ, არასდროს მქონია სურვილი, ვყოფილიყავი
მასწავლებელი, თუმცა სამეგრელოს სკოლაში მიღებულმა
გამოცდილებამ, დიდი სურვილი აღმიძრა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა, განათლების სფეროსთან
დამეკავშირებინა.
შევეცდები გავიხსენო სკოლაში გატარებული პირველი დღეები. უცხო მხარეში
ჩასულმა, კარგად ვიცოდი, რომ ყველას ყურადღების
ცენტრში ვიქნებოდი, და ვცდილობდი, რომ
მაქსიმალურად პოზიტიური შთაბეჭდილება მომეხდინა მათზე. ძალიან ბევრს ვფიქრობდი
იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩემი პირველი გაკვეთილი და ვშიშობდი, რამდენად კარგად გავართმევდი
თავს, ამ არც თუ იოლ დავალებას. ვწერდი გეგმებს, ვიგონებდი სხვადასხვა აქტივობებს და ვგეგმავდი
ყველა წვრილმანს, რაც დაკავშირებული იყო მომავალ საქმიანობასთან.
არასდროს
დამავიწყდება ის პირველი ზარი, რომელმაც მამცნო, რომ ხელში ჟურნალი უნდა დამეკავებინა
და შევსულიყავი მე–7 კლასში, რომელიც 10 ბავშით იყო დაკომპლექტებული. ამ 10 ბავშვიდან
კი ორი გოგონა, თეონა და თამუნა, ჩემი მასპინძელი ოჯახიდან იყო. პირველი გაკვეთილი
განსხვავდებოდა სხვა დანარჩენისგან, ვინაიდან ის მხოლოდ და მხოლოდ გაცნობითი ხასიათის
იყო. ჯერ მოვუყევი საკუთარი ისტორია და შემდგომ, ბავშვებს ვთხოვდი გაეცნოთ ჩემთვის
მათი თავი, ოჯახური მდგომარეობა, აკადემიური მოსწრება და მოეყოლათ საკუთარ სურვილებსა
და მიზნებზე. ბავშვები, ცოტა დაბნეულები მომეჩვენნენ, თუმცა მათზე მეტად, იმ მომენტში,
მე უფრო ვნერვიულობდი.
პირველი ორი
კვირა დავუთმე ანბანსა და იმ ელემენტარული სიტყვების შესწავლას, რაც საწყის ეტაპზე
სავალდებულოდ ჩავთვალე. ასევე დიდ დროს ვუთმობდი
სხვადასხვა აქტივობებსა და თამაშებს, რამაც ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო
და პოზიტიურად განაწყო მოსწავლეები ინგლისური ენისა და მასწავლებლის მიმართ. ამ პერიოდში, უკვე კარგად გავიცანი თითოეული მოსწავლე
და ვცდილობდი, რომ მათთან საერთო ენა გამომენახა.
მინდოდა,
რომ ჩემს
მიერ ჩატარებული გაკვეთილები არ ყოფილიყო მხოლოდ წიგნზე დაფუძვნებული და მსურდა,
ჰქონოდა მათ თანამედროვე გაკვეთილის სახე. ვინაიდან და რადგანაც, კლასები არ იყო თანამედროვე
აპარატურით აღჭურვილი, გადავწვიტე მომეწყო ოთახი, ისე, რომ ბავშვებს
შესაძლებლობა ჰქონოდათ, მოესმინათ ან ეყურებინათ CD/DVD Room–ისთვის. შევარჩიე
სკოლაში ერთი დიდი ოთახი, სადაც ორი კომპიუტერი იდგა, და პრაქტიკულად გამოუყენებელი
იყო. ბევრს ვფიქრობდი, როგორ გამომეწყო და გამომეცოცხლებინა ეს ოთახი და მგონი შევძელი
კიდეც. არ ვიშურებდი ენერგიას და მასწავლებლობასთან ერთად ბევრი სხვა პროფესიასაც ვითავსებდი
(მათ შორის მღებავის პროფესიას). გაცრეცილი
კედლები დავამშვენე მოსწავლეების სურათებით,
ცნობილი ადამიანების გამონათქვამებითა და English
World-ის პოსტერებით. წინა კედელი შევღებე
თეთრად და შევძელი ამემუშავებინა ის პროექტორი, რომელსაც დიდი ხნის მტვერი ედო და პრაქტიკულად
გამოუყენებლი იყო. შევღებე ასევე იატაკი და დაფაც. ინტერიერზეც ვზრუნავდი: ოთახი შავი
ფარდებით ჩავაბნელე, რბილი სკამებით დავამშვენე და შედეგიც მზად იყო. ერთ დროს გამოუყენებელი და უვარგისი ოთახი, მოსწავლეებისთვის ყველაზე საყვარელი გახდა. კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, პრინტერი, ქსეროქსი
.. მოკლედ ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ თანამედროვე გაკვეთილი ჩამეტარებინა.
ყველაფერი
რაც გავაკეთე, შეუმჩნეველი არ დარჩა სკოლის
დირექტორის, თანამშრომლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვისაც კი. ამის გამო,
დიდი პავისცემა დავიმსახურე მათში და მეც უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთების სტიმული
მქონდა. თავის ქებაში არ ჩამომართვათ და მიყვარს,
როდესაც ვინმეს, ამ შემთხვევაში ბავშვებს სიამოვნებას ვანიჭებ, ჩემი გაკეთებული საქმით.
იყო ბევრი უძილო ღამეებიც, როდესაც სულ იმის ფიქრში ვიყავი, რა გამეკეთებინა სკოლისა
და ბავშვებისთვის.
ამ დროის განმავლობაში,
მოსწავლეებმაც კარგად გამიცნეს, შემეჩვივნენ და შემიყვარეს. ხშირად მწერდნენ დაწყებითი
კლასის მოსწავლეები წერილებს, სადაც მეუბნებოდნენ, რომ მათთვის ყველაზე საყვარელი მასწავლებელი
ვარ. მოჰქონდათ ხილი, ტკბილეული და ა.შ. დიდი
სიხარულით შემორბოდნენ ოთახში და არასდროს
ეზარებოდათ ინგლისური ენის გაკვეთილზე ყოფნა.
თანამედროვე
ტექნოლოგიის გამოყენებით, თავისთავად,
ბავშვი უფრო მეტად ინტერესდება და ხალისით უდგება საქმეს. ასე მოხდა მათ შემთხვევაშიც
და მათი ინტერესი, საგნის მიმართ, ერთი–ორად
გაიზარდა. ეს განსაკუთრებით ეხებათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომელმაც ძალიან შეიყვარეს ინგლისური
ენა. მოსწონდათ სწავლის თანამედროვე მეთოდები, როდესაც პროექტორის საშუალებით თვალს
ადევნებდნენ გაკვეთილებს, მღეროდნენ, საურბრობდნენ
დიალოგების მეშვეობით და ითვისებდნენ ახალ სიტყვებს.
ინგლისური
ენა დიდი ინტერესით სარგებლობდა ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებშიც. ხშირად ვუდგენდი
მრავალფეროვანი შინაარსის საგამოცდო ტესტებს,
რომლის მეშვეობითაც ვამოწმებდი მათი სწავლების
დონეს, მომზადებას, ლექსიკის მარაგს
და ა.შ. ერთად ვწერდით თავისუფალ თემებს, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ აინტერესებდათ,
იქნებოდა ეს მათი საყვარელი ადგილი, ჰობი, ცნობილი ადამიანი, ფეხბურთელი თუ მომღერალი.
სწავლასთან
ერთად, მოსწავლეებს, მათთვის საინტერესო განტვირთვის
საშუალებაც მივეცი. ოთახი, რომელიც საგანგებოდ მათთვის გამოვაწყე, თითქმის ყოველთვის
სავსე იყო. პროექტორი, რომელიც მუდამ ჩართულ
მდგომარეობაში იყო, საშუალებას აძლევდა მათ, ეყურებინათ სასურველი ვიდეო–რგოლებისა
და საინტერესო მასალებისთვის, რომელიც სპეციალურად მათთვის მიმქონდა. გაკვეთილების ბოლოს კი , სურვილისამებრ, ვრჩებოდით
და ფილმებს ვუყურებდით.
ასე საინტერესოდ
გავიდა ერთი სემესტრი, რომლის კულმინაციაც იყო ჩემს მიერ ჩატარებული ინტელექტუალური
თამაში „ყველაზე ჭკვიანი“, რომელშიც საბაზო საფეხურის 8 მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტზე საკმაოდ ბევრი ვიმუშავე
და პროექტორის მეშვეობით, Power Point–ში ჩატარებულმა ღონისძიებამ, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსწავლეებში,
მათ მშობლებსა და კოლექტივში. თამაშის მონაწილეებს
გადაეცათ სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები.
ვინაიდან,
აღნიშნულმა პროექტმა, დიდი მოწონება დაიმსახურა,
გადავწყიტე, კიდევ ჩამეტარებინა მსგავსი რამ. მეორე სემესტრში, შედარებით ორგანიზებულად ჩავატარე 5 მსგავსი ღონისძიება, მათ შორის ორჯერ
„ყველაზე ჭკვიანი“, ორჯერ „ეტალონი“ და სასწავლო
წლის ბოლოს პროექტი „ My English World”. 2012–
2013 სასწავლო წელი, კი დაასრულა,ასევე, ჩემს მიერ ორგანიზებულმა
ექსკურსიამ ბათუმში. მოსწავლეების დიდი ინტერესებიდან
და სურვილიდან გამომდინარე, რომელიც სპორტს უკავშირდებოდა, გადავწყვიტე ჩამეტარებინა
„მხიარული სტარტები“. იდეა რეალობაში ორჯერ
განვახორციელე, რითაც მოსწავლეებს ძალიან დიდი სიხარული მივანიჭე.
მიუხედავად
იმისა, რომ თავიდან ძალიან ნეგატიური განწყობით მივუდექი ჩემს სამუშაოს, წლის ბოლოს
აღნიშნული ნეგატიური განწყობა, რადიკალურად
ჩაანაცვლა პოზიტიურმა განწყობამ. ვთვლი, რომ ჩემთვის და მოსწავლეებისთვისაც, ეს ერთი
წელი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. როდესაც
ბავშვებს გავუმხილე, რომ მომავალ წელს ,მათ, სავარაუდოდ, ახალი ინგლისურის მასწავლებელი
ეყოლებოდათ, ძალიან დასწყდათ გული და ყველა მთხოვდა, რომ დავბრუნებულიყავი, ახალი სასწავლო
წელს. ჩემთან განშორება ასევე ძალიან განიცადეს მასპინძელი ოჯახის წევრებმა, რომლებით
ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მე, მათი ოჯახის ახალი, მერვე წევრი ვიყავი.
ასე ემოციუად
დავტოვე საქართველოს ერთ–ერთი უმშვენიერესი კუთხე – სამეგრელო, რომელიც, ყოველთვის
ლამაზ მოგონებად დარჩება ჩემს მეხსიერებაში.
ვფიქრობ, რომ
ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, გულწრფელი ემოციებიდან გამომდინარე, ფურცელზე გადატანილი
რეალობა იყო, ყოველგვარი გაზვიადებისა და თავის ქების გარეშე.
დაბოლოს,
ყველას, ვინც აპირებთ პროგრამაში „Teach and Learn with Georgia” მონაწილეობას და ჯერ
ვერ გადაგიწყვეტიათ, გადადგათ თუ არა ეს ნაბიჯი, მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად მიიღოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ შემოთავაზებული ეს მშვენიერი წინადადება. მერწმუნეთ, ეს ერთი წელი იქნება ძალიან
საინტერესო, რომელიც შეგძენთ იმ უნარებსა და გამოცდილებას, რაც აქამდე არასდროს, არსად
მიგიღიათ.
გულწრფელი
მადლობა პროექტის კოორდინატორს და მთელ კოლექტივს,
რომ მომცეს ასეთი შესაძლებლობა, ვყოფილიყავი
ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი, საკუთარ ქვეყანაში. გულწრფელი მადლობა ასევე
თქვენ, ვინც კითხულოთ ამ პოსტს, რომელიც ცხელ გულზე დავწერე ... დიდი მადლობა!