Tuesday, September 1, 2015

კაცი-მასწავლებელი?!

                   

                                                                              * * * * * 

ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვცდილობდი  დასაწყისის დაწერას, თუმცა, გეტყვით, რომ ძალიან, ძალიან,  ძალიან ბევრი ვიწვალე. არც იმის თქმა მერიდება, რომ  სიტყვებს ერთბაშად თავი ვერ მოვუყარე და ასე მარტივად, გულწრფელად გამოგიტყდით ჩემ უნიჭობაში. არასოდეს მქონია იმის ამბიცია, რომ რამე დამეწერა - არ შეყვარებულისთვის მიმიძღვნია საკუთარი ლექსი და არც დედისთვის, „სარვამარტოდ“..  მხოლოდ ერთხელ, მეტად უცნაურ მდგომარეობაში მომივიდა ლექსის დაწერის მუზა, სწორედ მაშინ, როდესაც ღამის საათებში, დედაქალაქიდან, ქუთაისის მიმართულებით „კრაზში“ 26 მომავალი სამხედრო მოსამსახურეები ერთად „შეგვყარეს“ და გაგვიყენეს „კარანტინის“ გზას; ეს უმნიშვნელოვანესი  თარიღი არასოდეს დამავიწყდება; არც ის დამავიწყდება, როდესაც მოულოდნელად მეწვია მუზა და თოვლიანი აპრილის ღამეს, გუნებაში ლექსი შემათხზვევინა - ლექსი, რომლითაც ვემშვიდობებოდი  სამოქალაქო ცხოვრებას ერთი წლის ვადით.

არა, დღეს არ ვაპირებ გესაუბროთ „სამხედრო ენით“ - ეს მაგალითი  მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ  გამომეაშკარავებინა  ჩემი საშინელი დამოკიდებულება  წერის, განსაკუთრებით კი პოეზიის  მიმართ. დღეს მე ვაპირებ გესაუბროთ ადამიანური ენით იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე ღირებულია. იმაზე, რაც ყველაზე მეტად მახალისებს და მახარებს -  ეს ჩემი პროფესიაა, მასწავლებლობა.

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ახსოვს მასწავლებელი, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროს წარმოაგდენდა. არ მეგულება პლანეტაზე ადამიანი, რომელსაც არ ახსოვდეს ერთი მასწავლებელი მაინც - მასწავლებელი, რომელიც ხშირად არასამართლიანად ექცეოდა მათ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გულში მაინც პატივისცემას იმსახურებდა. მეც მყავს ერთი ასეთი რჩეული, რომელმაც ჩემ ბავშვურ გულში, ოდესღაც ეს პატივისცემა დაიმსახურა და დღემდე  დამამახსოვრა მისი დამოკიდებულება აღსაზრდელებისადმი. პარადოქსია, თუმცა,  ვერ გეტყვით, რომ  სწორედ ამ ინსპირაციამ განაპირობა ჩემი დღევანდელი პროფესიის არჩევა..

  ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც, სრულიად გაუაზრებელ ქმედებას ჩავდივართ. სწორედ ამ გაუაზრებელი ნაბიჯის წყალობით აღმოვაჩინე ის წყარო, რომელსაც დღეს უკვდავების ეფექტი გააჩნია ჩემთვის.  დიახ, 2012 წლამდე, ალბათ, ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესღაც მეც მასწავლებელი ვიქნებოდი, რომ არა გაუაზრებელი ნაბიჯი, პროექტი, სახელად „Teach and Learn with Georgia”. გასაუბრებაზე მისულს, მშვენივრად მახსოვს ის გულწრფელი აღიარება, რომ ჩემი ერთადერთი მოტივაცია, იყო მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის დაფინანსება. ასეა თუ ისე, ცხოვრებამ  სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა და ულამაზეს სოფელში, ერთ წლიანი დაუვიწყარი  მოგზაურობა მაჩუქა და სწორედ აქედან დაიწყო, რაც დაიწყო..

გულწრფელობა ის იშვიათი ნიჭია, რაც ბუნებამ ადამიანს, განსაკუთრებით  მისი ბავშვობის პერიოდში არგუნა. ბედნიერი კი მაშინ ხარ, როდესაც მათი ნათელი თვალების გავლით, წრფელ გულამდე მიიწევ; მიიწევ და ბავშვიც გიშვებს იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გამოგიტყდება სიყვარულში. ეს სიყვარული კი მერწმუნეთ, არაამქვეყნიური სიამოვნების მომგვრელია.  ამ ყველაფერში კი სწორედ მაშინ დავრწუნდი, როდესაც, მეგრული სკოლის დატოვების შემდეგ, ვიხილე იმ ბავშვების რეაქცია, როდესაც მემშვიდობებოდნენ: მეხუტებოდნენ ცრემლიანი თვალებით და მეფერებოდნენ, „არ წახვიდე, არ წახვიდე“-ს ჩურჩულით. ჩემგან განსხვავებით, მათ არ რცხვენოდათ იმ ცრემლების, რომელსაც ისინი უშვებდნენ ნათელი თვალებიდან. მე კი ამ დროს  ვცდილობდი, ჩემი „სიმხდალე“ დამემალა მათთვის.

მასწავლებლობა  ურთულესი პროფესია, ნამდვილ მასწავლებლობას  კი უდიდესი ნიჭი უნდა. წარმოგიდგენიათ, რა რთულია, როდესაც  შედიხარ მრავალრიცხოვან კლასში, სადაც, თითოეული მოსწავლე  ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია?!  დიახ, ისინი ერთმანეთს ოდნავადაც არ გვანან, შენ კი უნდა მოერგო ყველას  შეხედულებებს, სურვილებს..  არა, თქვენ ეს არ გესმით!  არ გესმით, რას გრძნობს  ბავშვი, როდესაც, ერთ მოსწავლეს ზედმეტად უღრმავდებით, როდესაც  მასზე თუნდაც იოტისოდენა დროის მონაკვეთით მეტს უთმობ...  მისი თვალები იმდენად გულწრფელია, რომ ყველაფერი შეუნიღბავი თვალითაც კი მშვენივრად  ჩანს..

თქვენ  ისიც  კი  ვერ წარმოგიდგენიათ, თუ რა ბედნიერებაა, როდესაც  ხედავ  პატარა წერტილს, რომელიც დღითი-დღე  იზრდება და მზეს ემსგავსება.  რომელზეც ზრუნავ თავდაუზოგავად, მხოლოდ იმის  გამო და იმ იმედით, რომ ეს  წერტილი ცონდით გაიბერება, გაიზრდება. ხედავ და გიხარია, რომ შენმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა და ამ არსებამ, რაღაც გაიგო, რაღაცას სხვანაირად შეხედა, რაღაც დაამახსოვრდა და გონებაში ჩაიბეჭდა.

წარმოგიდგენიათ  პატარა, ცინგლიანი 5 წლის ბავშვი, რომელიც გიზის კალთაში და ცდილობს, აჰყვეს  სიმღერას, ახლად ნასწავლი და მისთვის სრულიად უცხო ენის ანბანით?  ზუსტად ვიცი, რომ ამ ბედნიერებას  ვერავინ შეიგრძნობს ისე, როგორც მისი  მასწავლებელი.

დროა ისიც გულწრფელად  ვაღიაროთ, რომ თანამედროვე  ბავშვებს  არ მოსწონთ „კომუნისტი“, „სათვალეებიანი“, „წიგნის ჭია“ მასწავლებლები. რატომ?! პასუხი მარტივია - ბავშვებს უჭირთ ამოიცნოთ მათში საკუთარი თავები. სწორედ  ამაში მდგომარეობს ამ პროფესიის უნივერსალური და რთული ბუნების გასაღები. კონტროლის  მექანიზმის დაურღვევლობასთან  ერთად, უნდა შეძლოს მათ გულებამდე შეღწევა ნებისმიერი გზით, იქნება ეს გაკვეთილზე თუნდაც სრულიად არაადეკვატური ქმედების ჩადენა.  
ვიცი, არაბუნებრივად გეჩვენებათ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუწოდოს მერხზე ასვლისკენ, მხოლოდ იმის გამო, რომ  „სელფის“ გადაღებით  მათ გაუხაროს გულები; მხოლოდ იმიტომ, რომ აგრძნობინოს, რომ  ისიც ისეთივე ადამიანია, როგორც კლასში მჯდომი თითოეული მათგანი..

მჯერა! მჯერა კი არა, ზუსტად ვიცი!  მასწავლებლობა  მხოლოდ  ქალების საქმე არაა; უფრო მეტიც, ჩვენ, კაცებს,  ამ საქმის კეთება ქალებზე არანაკლებად გამოგვდის, რადგან ჩვენც გვაქვს გულები;  გულები, რომელიც  ამ პროფესიას, საგნის ცოდნაზე მეტადაც კი სჭირდება!

ეს უნიჭო ნაწერი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსწავლეების უსაზღვრო მონატრებამ დამაწერინა; ისინი გამორჩეული ადამიანები არიან, რომელთაც ჩემ გულში განსაკუთრებული, ყველაზე თბილი  და ნათელი ადგილი ეკავება.

ბავშვებო, მიყვარხართ ყველა, თითოეული თქვენგანი, განურჩევლად თქვენი ბუნებისა და ჩემდამი დამოკიდებულებისა. ვისურვებდი, რომ  მუდამ მენახოთ ისეთი გახარებულები და ლაღები, როგორებადაც დამამახსოვრეთ თავები.

თქვენ კი, მასწავლებლებო, გეამაყებოდეთ საკუთარი თავების, რადგან, პლანეტაზე ყველაზე გენიალური პროფესიის წარმომადგენლები ხართ!  


მარტვილი, სოფ. დღვანა, მე-4 კლასის მოსწავლეები (2012-2013 სასწავლო წელი)




თბილისი, 216-ე საჯარო სკოლა, მე-4 კლასის მოსწავლეები  (2014 წელი) 




ბოლნისი, სოფ. ბერთაკარი, მე-5 კლასის  მოსწავლეები (2014-2015 სასწავლო წელი)



* * * * * 

200 MOVIES

200  ფილმი, რომელმაც, შესაძლოა, დაგაინტერესოთ! კინო-ინდუსტრიაში, მუსიკალური ინდუსტრიისგან განსხვავებით, ნაკლებად კომპეტენტური ვარ. მიუხედავა...