Tuesday, December 20, 2016

ECO შეგნება






მისი სამუშაო  დღე იწყება მაშინ, როცა, ყველა, მოგონებებზე უფრო  თბილ  საბანშია გახვეული.  საწოლიდან  ადგომაც  არ უკადრია - ხელის  ერთი მოძრაობით, ამ უკანასკნელიდანვე  „გამოიძახა“  სითბოს  გამომამუშავებელი  მოწყობილობა და ოთახიც გაანათა;  თაროზე შემოდებული, კვადრატული  ფორმის  ხის  საათი, 05:45 წუთს  უჩვენებდა.

სასთუმალი დიდი წვალებით დათმო. ოთახში უკვე საგრძნობლად თბილოდა.  „დილის“  ყავა და  სიგარეტი,  ათასჯერ  გაზომილ, გაზეპირებულ  დროის  მონაკვეთში მოაქცია და ნაგვის პარკით  ხელში, სახლიდან გამოსული,  ნოემბრის  სუსხიან  დილას  მიესალმა.

წინა დღეს მოხმარებული  პროდუქტების  უვარგისი  ერთობლიობა, უახლოეს პერიმეტრზე  განთავსებულ, ერთგულად  მდგომ  ურნას  საგულდაგულოდ   ჩააბარა  და თავად  საზოგადოებრივი ტრანსპორტის  ნაწილად  იქცა.

„ყვითელი“  ფანჯრიდან, ადამიანის  მიერ გაუპატიურებულ  ქუჩებს, თავისივე არანაკლებ ბინძური  წარმოსახვის   მორევში  ატრიალებდა და  ამაზრზენი სანახაობით  გამოწვეული  ფიქრების  ზღვაში, საკუთარ  დანაშაულებრივ   წვეთს  ყველაზე ნაკლებად  ჰპოვებდა.   

 რა გვაიძულებს, ვიყოთ ასეთი უგულონი და დაუნდობელნი?! 
 რატომ  არ ვუფრთხილდებით იმას, რაც ჩვენი და მომავალი თაობისთვის  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია?!

ზოგადსაკაცობრიო  პრობლემების  ინდუქციური  ბოდიალი, გამოუძინებელ  ღამეს  მიაწერა  და უმალვე  ყოფითი პრობლემებით  ჩაანაცვლა - „მართლაც, რამდენი საკითხი  მაქვს გადასაჭრელი, რა დროს ეს არის?!“ - გაიფიქრა ჯერ კიდევ ნახევრად  გამოღვიძებულმა ტვინმა.

ღრმა  ფიქრებში გართული, მისი დაზეპირებული სამგზავრო გრაფიკის  მცოდნე  მძღოლის  ხმამაღალმა  შემოძახებამ  გამოაფხიზლა და  აიძულა, ერთსაათიანი ფიქრის შედეგი, ავტობუსში  დარჩენილი  რამდენიმე  მგზავრისთვის  დაეტოვებინა.

სუსხიანი  ტყის პირას  მდგომმა,  უმოქმედო ლოდინი,  ერთ ღერ  სიგარეტში გაცვალა  და  ჰორიზონტზე დალანდულ, ქალაქის  თავზე  არსებულ  უიმედო ნაცრისფერ  სარტყელს, საკუთარი  წილი მიამატა.   ფილტვებში  მოხვედრილმა ბუღმა,   ერთიორად გაუმძაფრა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი, გზად  შემხვედრი  ტრანსპორტის  მოლოდინი  და  ჩამწვარი  სიგარეტი, ბუნების  სიმწვანეს  სახსოვრად  დაუტოვა.  იქვე, ნაძვნარში  შეამჩნევდით  ეკოლოგიის  სხვა, ცივილიზებულ  სტუმრებსაც - პლასტმასის  ბოთლებს,  თუნუქის  ქილებსა  და  პოლიეთილენის  სიფერადეს.

ირგვლივ  გამეფებული,  სამარეზე  იდუმალი  სიმყუდროვე   მოახლოებულმა  მგზავრმა  დაურღვია  და  უცხოური  კილოთი  მიესალმა. სიკვდილისფერი  ღრუბელი, კი, რომელიც  ქალაქს  თბილ  საბნად  აწვა,   ახლადმოსულის  ქმედებით  გამოწვეული  „ნაწილის“  შემომატებას ზეიმობდა.   „უცხოს“  ხელის  გულს  მეტალის  სიმრგვალე  ამშვენებდა,  სიმრგვალე,  სადაც  ის  ცდილობდა,  საკუთარი  ცოდვების  შეკავებას.
წინა  მგზავრივით  უგულოდ  არ  მოქცეულა -  მოწევა დაასრულა  და  ნამწვი  ამ სიმრგვალის  ნაწილად  აქცია.

„ეს  მხოლოდ  იმიტომ, რომ  ბუნებას  ჩემი წილი ზიანი  არ მივაყენო“ - სიმრგვალე  ჯიბეში  განათავსა  და  ასაკში შესული  თვალებით  მიმართა მის  გვერდით მდგომ „ცოდვილს“ - „ამ  ნამწვს დიდი  ზიანის მოტანა შეუძლია  იმ სილამაზისთვის, რომელსაც  ახლა  ვხედავთ:  ის  შესაძლოა  ჩიტის  საკვებად  იქცეს,  გამოიწვის  მისი სიკვდილი, რომელიც  თავის  მხრივ, ბევრ  ზიანს  მოგვიტანს;  ჩიტი, რომელსაც  საუზმედ  ბევრი  მავნე მწერი ელოდება, ზეიმით აღნიშნავს  გამარჯვებასა  და  სიცოცხლის შენარჩუნებას. უბრალოდ, არ მესმის, რატომ  არ  უფრთხილდება  ადამიანი  ასეთ   სიწმინდეს“.

„ცოდვილი“  შეცბა, თითქოს  რაღაც  იგრძნო, რაღაც  ძალიან  სათაკილო. უცხოსთან  თავის  მართლება  სცადა  და  საკუთარი  ცოდვების დაფარვას,  სხვა, უსარგებლო თემის შემოტანით  შეეცადა.   დროებით  შემწყდარმა  უხერხულმა  დიალოგმა, ტრანსპორტში   კვლავ  შეიძინა  აქტუალობა  და  ამჯერად, საუბარში დაუკითხავად  შემოჭრილმა  მესამე პირმა,  პასუხისმგებლობით  აღსავსე  თანამგზავრს,  საქციელი ცალსახად  მოუწონა.    
. . . . .

სამუშაო  დღის  დასასრულს,  ყველანაირმა  ფიქრმა  ერთად  მოიყარა  თავი.  სინდისი  სამსჯავროზე  დააყენა  და  აიძულა, უხერხული  კითხვებისთვის,  საკუთარ  გულში  მაინც  გაეცა  პასუხი.   დაასკვნა:

ადამიანები, რომლებიც   უცხოდ  მიგვაჩვია, გაცილებით  მეტად  ზრუნავენ  იმ  გარემოზე, რომელიც  ჩვენს  „კუთვნილებას“ უფრო წარმოადგენს, ვიდრე მათს;

ადამიანებს  უჭირთ  იმის გააზრება, რომ  ზღვა  წვეთების ერთობლიობას  წარმოადგენს;

ადამიანებად   ყველას  როდი  შეუძლია  არსებობა;

. . . . .

ადამიანებო, უბიძგეთ  ერთმანთს  კარგი მაგალითის  მიცემისკენ!

ადამიანებო, ყოველი  ფეხის  გადადგმაზე  აკონტროლეთ  საკუთარი „ნახშირბადის  ნაკვალევი“!

ადამიანებო, მოიქეცით ისე, როგორც  ადამიანს  შეეფერება!


ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო ...        



 



200 MOVIES

200  ფილმი, რომელმაც, შესაძლოა, დაგაინტერესოთ! კინო-ინდუსტრიაში, მუსიკალური ინდუსტრიისგან განსხვავებით, ნაკლებად კომპეტენტური ვარ. მიუხედავა...