Tuesday, September 1, 2015

კაცი-მასწავლებელი?!

                   

                                                                              * * * * * 

ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვცდილობდი  დასაწყისის დაწერას, თუმცა, გეტყვით, რომ ძალიან, ძალიან,  ძალიან ბევრი ვიწვალე. არც იმის თქმა მერიდება, რომ  სიტყვებს ერთბაშად თავი ვერ მოვუყარე და ასე მარტივად, გულწრფელად გამოგიტყდით ჩემ უნიჭობაში. არასოდეს მქონია იმის ამბიცია, რომ რამე დამეწერა - არ შეყვარებულისთვის მიმიძღვნია საკუთარი ლექსი და არც დედისთვის, „სარვამარტოდ“..  მხოლოდ ერთხელ, მეტად უცნაურ მდგომარეობაში მომივიდა ლექსის დაწერის მუზა, სწორედ მაშინ, როდესაც ღამის საათებში, დედაქალაქიდან, ქუთაისის მიმართულებით „კრაზში“ 26 მომავალი სამხედრო მოსამსახურეები ერთად „შეგვყარეს“ და გაგვიყენეს „კარანტინის“ გზას; ეს უმნიშვნელოვანესი  თარიღი არასოდეს დამავიწყდება; არც ის დამავიწყდება, როდესაც მოულოდნელად მეწვია მუზა და თოვლიანი აპრილის ღამეს, გუნებაში ლექსი შემათხზვევინა - ლექსი, რომლითაც ვემშვიდობებოდი  სამოქალაქო ცხოვრებას ერთი წლის ვადით.

არა, დღეს არ ვაპირებ გესაუბროთ „სამხედრო ენით“ - ეს მაგალითი  მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ  გამომეაშკარავებინა  ჩემი საშინელი დამოკიდებულება  წერის, განსაკუთრებით კი პოეზიის  მიმართ. დღეს მე ვაპირებ გესაუბროთ ადამიანური ენით იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე ღირებულია. იმაზე, რაც ყველაზე მეტად მახალისებს და მახარებს -  ეს ჩემი პროფესიაა, მასწავლებლობა.

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ახსოვს მასწავლებელი, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროს წარმოაგდენდა. არ მეგულება პლანეტაზე ადამიანი, რომელსაც არ ახსოვდეს ერთი მასწავლებელი მაინც - მასწავლებელი, რომელიც ხშირად არასამართლიანად ექცეოდა მათ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გულში მაინც პატივისცემას იმსახურებდა. მეც მყავს ერთი ასეთი რჩეული, რომელმაც ჩემ ბავშვურ გულში, ოდესღაც ეს პატივისცემა დაიმსახურა და დღემდე  დამამახსოვრა მისი დამოკიდებულება აღსაზრდელებისადმი. პარადოქსია, თუმცა,  ვერ გეტყვით, რომ  სწორედ ამ ინსპირაციამ განაპირობა ჩემი დღევანდელი პროფესიის არჩევა..

  ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც, სრულიად გაუაზრებელ ქმედებას ჩავდივართ. სწორედ ამ გაუაზრებელი ნაბიჯის წყალობით აღმოვაჩინე ის წყარო, რომელსაც დღეს უკვდავების ეფექტი გააჩნია ჩემთვის.  დიახ, 2012 წლამდე, ალბათ, ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესღაც მეც მასწავლებელი ვიქნებოდი, რომ არა გაუაზრებელი ნაბიჯი, პროექტი, სახელად „Teach and Learn with Georgia”. გასაუბრებაზე მისულს, მშვენივრად მახსოვს ის გულწრფელი აღიარება, რომ ჩემი ერთადერთი მოტივაცია, იყო მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის დაფინანსება. ასეა თუ ისე, ცხოვრებამ  სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა და ულამაზეს სოფელში, ერთ წლიანი დაუვიწყარი  მოგზაურობა მაჩუქა და სწორედ აქედან დაიწყო, რაც დაიწყო..

გულწრფელობა ის იშვიათი ნიჭია, რაც ბუნებამ ადამიანს, განსაკუთრებით  მისი ბავშვობის პერიოდში არგუნა. ბედნიერი კი მაშინ ხარ, როდესაც მათი ნათელი თვალების გავლით, წრფელ გულამდე მიიწევ; მიიწევ და ბავშვიც გიშვებს იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გამოგიტყდება სიყვარულში. ეს სიყვარული კი მერწმუნეთ, არაამქვეყნიური სიამოვნების მომგვრელია.  ამ ყველაფერში კი სწორედ მაშინ დავრწუნდი, როდესაც, მეგრული სკოლის დატოვების შემდეგ, ვიხილე იმ ბავშვების რეაქცია, როდესაც მემშვიდობებოდნენ: მეხუტებოდნენ ცრემლიანი თვალებით და მეფერებოდნენ, „არ წახვიდე, არ წახვიდე“-ს ჩურჩულით. ჩემგან განსხვავებით, მათ არ რცხვენოდათ იმ ცრემლების, რომელსაც ისინი უშვებდნენ ნათელი თვალებიდან. მე კი ამ დროს  ვცდილობდი, ჩემი „სიმხდალე“ დამემალა მათთვის.

მასწავლებლობა  ურთულესი პროფესია, ნამდვილ მასწავლებლობას  კი უდიდესი ნიჭი უნდა. წარმოგიდგენიათ, რა რთულია, როდესაც  შედიხარ მრავალრიცხოვან კლასში, სადაც, თითოეული მოსწავლე  ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია?!  დიახ, ისინი ერთმანეთს ოდნავადაც არ გვანან, შენ კი უნდა მოერგო ყველას  შეხედულებებს, სურვილებს..  არა, თქვენ ეს არ გესმით!  არ გესმით, რას გრძნობს  ბავშვი, როდესაც, ერთ მოსწავლეს ზედმეტად უღრმავდებით, როდესაც  მასზე თუნდაც იოტისოდენა დროის მონაკვეთით მეტს უთმობ...  მისი თვალები იმდენად გულწრფელია, რომ ყველაფერი შეუნიღბავი თვალითაც კი მშვენივრად  ჩანს..

თქვენ  ისიც  კი  ვერ წარმოგიდგენიათ, თუ რა ბედნიერებაა, როდესაც  ხედავ  პატარა წერტილს, რომელიც დღითი-დღე  იზრდება და მზეს ემსგავსება.  რომელზეც ზრუნავ თავდაუზოგავად, მხოლოდ იმის  გამო და იმ იმედით, რომ ეს  წერტილი ცონდით გაიბერება, გაიზრდება. ხედავ და გიხარია, რომ შენმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა და ამ არსებამ, რაღაც გაიგო, რაღაცას სხვანაირად შეხედა, რაღაც დაამახსოვრდა და გონებაში ჩაიბეჭდა.

წარმოგიდგენიათ  პატარა, ცინგლიანი 5 წლის ბავშვი, რომელიც გიზის კალთაში და ცდილობს, აჰყვეს  სიმღერას, ახლად ნასწავლი და მისთვის სრულიად უცხო ენის ანბანით?  ზუსტად ვიცი, რომ ამ ბედნიერებას  ვერავინ შეიგრძნობს ისე, როგორც მისი  მასწავლებელი.

დროა ისიც გულწრფელად  ვაღიაროთ, რომ თანამედროვე  ბავშვებს  არ მოსწონთ „კომუნისტი“, „სათვალეებიანი“, „წიგნის ჭია“ მასწავლებლები. რატომ?! პასუხი მარტივია - ბავშვებს უჭირთ ამოიცნოთ მათში საკუთარი თავები. სწორედ  ამაში მდგომარეობს ამ პროფესიის უნივერსალური და რთული ბუნების გასაღები. კონტროლის  მექანიზმის დაურღვევლობასთან  ერთად, უნდა შეძლოს მათ გულებამდე შეღწევა ნებისმიერი გზით, იქნება ეს გაკვეთილზე თუნდაც სრულიად არაადეკვატური ქმედების ჩადენა.  
ვიცი, არაბუნებრივად გეჩვენებათ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუწოდოს მერხზე ასვლისკენ, მხოლოდ იმის გამო, რომ  „სელფის“ გადაღებით  მათ გაუხაროს გულები; მხოლოდ იმიტომ, რომ აგრძნობინოს, რომ  ისიც ისეთივე ადამიანია, როგორც კლასში მჯდომი თითოეული მათგანი..

მჯერა! მჯერა კი არა, ზუსტად ვიცი!  მასწავლებლობა  მხოლოდ  ქალების საქმე არაა; უფრო მეტიც, ჩვენ, კაცებს,  ამ საქმის კეთება ქალებზე არანაკლებად გამოგვდის, რადგან ჩვენც გვაქვს გულები;  გულები, რომელიც  ამ პროფესიას, საგნის ცოდნაზე მეტადაც კი სჭირდება!

ეს უნიჭო ნაწერი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსწავლეების უსაზღვრო მონატრებამ დამაწერინა; ისინი გამორჩეული ადამიანები არიან, რომელთაც ჩემ გულში განსაკუთრებული, ყველაზე თბილი  და ნათელი ადგილი ეკავება.

ბავშვებო, მიყვარხართ ყველა, თითოეული თქვენგანი, განურჩევლად თქვენი ბუნებისა და ჩემდამი დამოკიდებულებისა. ვისურვებდი, რომ  მუდამ მენახოთ ისეთი გახარებულები და ლაღები, როგორებადაც დამამახსოვრეთ თავები.

თქვენ კი, მასწავლებლებო, გეამაყებოდეთ საკუთარი თავების, რადგან, პლანეტაზე ყველაზე გენიალური პროფესიის წარმომადგენლები ხართ!  


მარტვილი, სოფ. დღვანა, მე-4 კლასის მოსწავლეები (2012-2013 სასწავლო წელი)




თბილისი, 216-ე საჯარო სკოლა, მე-4 კლასის მოსწავლეები  (2014 წელი) 




ბოლნისი, სოფ. ბერთაკარი, მე-5 კლასის  მოსწავლეები (2014-2015 სასწავლო წელი)



* * * * * 

Sunday, March 1, 2015




პროექტი "ეტალონი"   ამავე სახელწოდების  სატელევიზიო  პროექტის  მიხედვითაა შექმნილი და მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებში  სასწავლო მოტივაციის  ამაღლებას, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;


პროექტის  აღწერა:

  • თამაშის მიზანშეწონილია ჩატარდეს დიდ კლასში, საკონფერენციო დარბაზში ან  სკოლის დერეფანში; 
  • მერხები და სკამები, ერთმანეთისგან უნდა იყოს მაქსიმალურად დაშორებული, რათა მოსწავლეებს შორის პასუხების გადაწერის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დასული; 
  • ვიდეოს, პროექტორის დახმარებით,  მოთამაშეებთან ერთად, იხილავს დამსწრე საზოგადოებაც;
  •  პროექტის მონაწილეებს, ინდივიდუალურ  მერხებზე  ედებათ  პასუხების ფურცელი და კალამი;
ვიდეო  თამაშის  განხორციელებისთვის  საჭირო  რესურს(ებ)ი:

  • კომპიუტერი;
  • პროექტორი;
  • პრინტერი;
თამაშის  წესები:

"ეტალონი"  წარმოდგენილია ვიდეო თამაშის სახით;



  •  იგი შედგება 5  რაუნდისგან;
  • თითოეული  რაუნდი მოიცავს 10 კითხვას;
  •  თამაში "ეტალონი"  შესაძლოა  განხორციელდეს ორნაირად;
  
პირველი  ვარიანტი
  • თამაშში მონაწილეთა  რაოდენობა არაა შეზღუდული, თუმცა სასურველია, მოსწავლეთა რაოდენობა 5-ის ჯერადი იყოს;
  • თამაშის თითეულ  ეტაპს (რაუნდს) ეთიშება მოსწავლეთა  გარკვეული  ოდენობა;
  • მეხუთე  რაუნდში  ერთმანეთს უპირისპირდებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ოთხივე რაუნდი;
  • გამარჯვებულია ის, რომელიც მეხუთე რაუნდში დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას;
  • მეხუთე რაუნდში, მოსწავლეთა მიერ თანაბარი ქულების  დაგროვების  შემთხვევაში  იმარჯვებს  ის  მოსწავლე, რომელსაც  ხუთივე რაუნდში ყველაზე მაღალი ქულა ექნება;

 მეორე   ვარიანტი

  • მეორე  ვარიანტის  მიხედვით, მოსწავლეები პროექტს  არ  ეთიშებიან თითოეული რაუნდის  მიხედვით;
  • თამაშის  ბოლოს, მოსწავლეთა  მიერ  დაგროვილი  ქულები, ხუთივე რაუნდის  მიხედვით  ჯამდება  და გამარჯვებული ხდება ის, ვისაც საერთო ჯამში ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
  • იმ  შემთხვევაში, თუ რამდენიმე მოსწავლის მიერ მოპოვებული  ქულების  მაქსიმალური  რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, გაიმარჯვებს ის, ვისაც  ბოლო რაუნდში  ექნება  მიღებული ყველაზე მაღალი ქულა;


ქვემოთ, მოცემულია  ვიდეოთამაშის სრული ვერსია და პასუხების ფურცელი რაუნდების მიხედვით! ვიდეო ვერსიაშივეა მოცემული პასუხებიც!

გისურვებთ წარმატებებს!





პასუხების  ფურცელი:










Thursday, January 29, 2015

.. Glad, that I "Teach for Georgia" !





                   
        
    
ბერთაკარის  საბაზო სკოლა;
2014 - 2015  სასწავლო წელი;



სოფელი ბერთაკარი (ყოფილი ბექთაკარი) მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აკაურთას თემში; ბოლნისიდან მოშორებულია 15 კილომეტრით და მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 860 მეტრზე მდებარეობს; არაქართულენოვანი სოფელი აზერბაიჯანული წარმოშობის  მოსახლეობითაა დაკომპლექტებული; 2002 წლის მონაცემებით  სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 289 ადამიანს, თუმცა 12 წლის შემდეგ,  სოფელი გაცილებით პატარა და "დაცლილი" ჩანს..






                                                                                      *****


სკოლისკენ გზად მიმავალს, ხშირად მომსვლია მუზა, რომ  „არაქართული“ ემოციები ცხელ გულზე გადმომეცა, თუმცა, რამდენჯერაც წერა დავაპირე,  მაშინვე წავიდა;  ახლა ის ჩემთანაა და მიბიძგებს, რომ უკანასკნელი თვეების განცდებს  თავი ერთად მოვუყარო და თქვენამდე მოვიტანო; თავდაპირველად კი მოგახსენებთ, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი:

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებამდე, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ გავმხდარიყავი საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შესანიშნავი ოჯახის წევრი; გამოცდების  ჩაბარებისა და  შემდგომი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ,   აღმოვჩნდი ჩემთვის სრულიად უცხო მხარეში; გადაწყდა, რომ უახლოესი ერთი წელი, ბოლნისის რაიონში უნდა შემესრულებინა ჩემი სამუშაო;

ტრენინგის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დავადექი ბოლნისის გზას; გზას, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო, თუმცა ვცდილობდი, რომ ეს სიუცხოვე  საკუთარი თავისთვისაც არ მეგრძნობინებინა; წვიმიანი დღე იყო .. მიყვარს წვიმა, რადგან, მხოლოდ მას შეუძლია შემოინახოს ემოციები ისეთივე ცოცხალი სახით, როგორიც რეალობაში იყო.. ხარბი თვალებით ვუყურებდი მიკროავტობუსის ფანჯრიდან მფრინავ ობიექტებს - ჰქონდათ ბევრი საერთო და ბევრიც განსხვავებული იმ ადგილებისგან, სადაც მე ვყოფილვარ ოდესმე..  თუმცა ეს სრულიად სხვა იყო - შიში უცხო გარემოსი და ადამიანებისა,  განსხვავებული კულტურისა, რელიგიისა, ტრადიციებისა .. თითქმის აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ განსხვავებული გარემო ჩემზე უარყოფითად იმოქმედებდა, მაგრამ მაინც არ შევშინდი და შევეცადე საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ მე ამას ადვილად შევძლებდი.
მძღოლმა მანიშნა, აი აქ უნდა ჩამოხვიდეო; მეც დავუჯერე, სხვა რა გზა მქონდა?! ვიდექი გაჩერებაზე და უცხო მხარეში, უცხო სკოლის, უცხო დირექტორს ველოდი ... ლოდინი ცოტა დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ თვალუწვდენელ გზაზე შევამჩნიე მისი მანქანა;

აღარ მახსოვს უცხო მანქანაში ჩაჯდომისას ჩემი  პირველი სიტყვები, თუმცა ზედმიწევნით მახსოვს, თუ როგორ "გავოგნდი" ბატონ ნოფალან საუბარში; სასიამოვნოდ გამიკვირდა და გამეხარდა მისი გამართული ქართული, გულწრფელობა  და პოზიტიური  დამოკიდებულება;  ამ ყველაფერმა კი სითამამე შემმატა და საკმაო მიზეზი მომცა, რომ გავხსნილიყავი მასთან საუბარში; საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა.. იმდენად საინტერესო, რომ სკოლისკენ მიმავალი გზის დამახსოვრება ვერც კი შევძელი ლაპარაკში გართულმა; თუმცა კარგად მახსოვს ის შემაღლებული ადგილები, რომლის დაძლევაც მანქანასაც კი გაუჭირდა.

-         "აი თითქმის მოვედით" - მითხრა დირექტორმა  და რამდენიმე წამის  შემდეგ გადმოვედით მანქანიდან;
-       "სკოლა სადაა"? - ვიკითხე  განცვიფრებული სახით;
-         "აი ესაა სკოლა" - მიმითითა დირექტორმა ერთსართულიან, პატარა, ავარიულ შენობაზე; შეობაზე, რომელიც პატარა სახლს ჰგავდა ზომით; 

-         (... აი აქ კი აღარ მახსოვს რა ვთქვი) - არვიცი  უკმაყოფილება სახეზე  ასე აშკარად გამომეხატა თუ არა, მაგრამ დირექტორმა მყისვე მიმითითა მეორე „კოტეჯზე“, რომელიც გაცილებით ლამაზად გამოიყურებოდა და დამამშვიდა, მითხრა რა, რომ იმ „კოტეჯის“ ორი ოთახიდან, ერთში კაბინეტის მოწყობის უფლებას მომცემდა..  

მანამ, სანამ გავაცნობიერე, რა ხდებოდა ჩემს თავს, ჩემდა უნებურად „მომავალ“ კოლეგებსაც ჩამოვართვი ხელი, მივესალმე ქართულად და მზერა სკოლის ეზოში გამოფენილ ბავშვებს მივაპყარი; თითქოს ვცდილობდი გამერკვია, რა უნდოდათ და რატომ მომჩერებოდნენ ასეთი უცნაური თვალებით; არც მათი ენა ესმოდა ყურს და არც იმ თვალებიდან მომავალი  მზერა იყო ნაცნობი..  
-         „დღეს დაღლილი იქნები, პირველი დღეა და თუ სურვილი გაქვს დაისვენეო“ -  მითხრა დირექტორმა  და „გაბრუებულ“ მდგომარეობაში  წამომიყვანა უკან, ბოლნისამდე ... 

                                                            * * * * *    

თბილისში დაბრუნება ასე ბოლოს როდის გამეხარდა არ მახსოვს, თუმცა დღემდე იმასაც  ვერ მივმხვდარვარ, თუ რატომ მივიღე ეს ყველაფერი ასე მძაფრად..  მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი თითქმის ბოლომდე მყავდა შემზადებული, რეალობა მაინც უფრო მძიმე და დამთრგუნველი აღმოჩნდა ჩემთვის.. 
მეორე  დღეს, დილაადრიან დავიძარი თბილისიდან  და შევეცადე, სკოლამდე დამოუკიდებლად მისვლას, თუმცა ამაოდ, - დავიკარგე!  „არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!“ - ნახევარი საათი ისე ვიარე, გზად არავინ შემხვედრია, მხოლოდ რამდენიმე მანქანამ ჩამიარა სწაფი სიჩქარით; დილის ათზე, უკვე ხმაც იყო და ძახილიც - თუმცა რად გინდა, არც ხმა მესმოდა მათი და არც ძახილი; არა, კი "მესმოდა", მაგრამ მაინც არ მესმოდა;
ვიცოდი, რომ სოფელს "ბერთაკარი" ერქვა, თუმცა, გზად მომავლებს, ვერ გავაგებინე სად მივდიოდი და რა მინდოდა; რუსული არ იცოდნენ და არც მათი ქართული სიტყვების მარაგი აღმოჩნდა იმდენად ვრცელი, რომ ჩემთან კომუნიკაციაში შემოსულიყვნენ; ერთ საათიანი იმედგადაწურული სიარულის შემდეგ, დავინახე სოფლის გადასახევი, რომელიც სკოლამდე ამიყვანდა;

სოფელი  მაღალმთიანია, შესაბამისად არც ნისლი გამკვირვებია..
  

-         „ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის“ - გავიფიქრე და ვცდილობდი, როგორმე დამენახა, რა ხდებოდა თითოეული მეტრის იქით; ზუსტად 50 წუთი ვიარე ნისლიან მთებზე .. ოქტომბრის დასაწყისი იყო, თუმცა საკმაოდ ციოდა .. აი აქ, კი ნამდვილად უსუსურად ვიგრძენი თავი.. არვიცი სად მივდიოდი, რა გზით, როგორ ...  ვერც ვერავის ვხედავდი და ვერც ვერავინ მხედავდა; თუმცა, დაჟინებით გადავწყვიტე, რომ უკან არ დავბრუნდებოდი..  
-         „школа далеко?“ - შევძახე დანგრეული რუსულით, ერთ-ერთ მოსახლეს (მანდილოსანს)  განწირული ხმით; - „далеко“ - უმალვე მომაგება მან პასუხი და ჩავთვალე, რომ ყველაფერი არც ისე კარგად იყო, როგორც მე მეგონა;
-         „ისევ დავიკარგე, ჯანდაბა!“ - აღარ დავუბრუნე პასუხი მანდილოსანს და ცივად გავაგრძელე გზა პირდაპირ;  ძველი  და ავარიული შენობა მეცნო, სწორედ იმ სკოლას მივამსგავსე, რომელიც გუშინ მანახეს.. არა?! კი, კი ეს ის არის, ნამდვილად ისაა! უბედნიერესი და „უკმაყოფილესი“ სახით შევედი ერთსართულიან შენობაში...

                                                      
                                                              * * * * *   


ნამდვილად არ მახსოვდა ის სახეები, რომლებიც გუშინ ვნახე.. აღარც ის  ხელები მახსოვდა, გუშინ  რომ ხელი ჩამომართვეს;  მასწავლებლებთან  დიდხანს საუბარი არ დამცადდა (ან რა უნდა მესაუბრა, წარმოდგენაც არ მქონდა), სასწავლო ნაწილმა გამზადებული ცხრილი მომცა, მეშვიდე კლასის ჟურნალი ხელში შემომაჩეჩა და მიმითითა კლასის ადგილმდებაროებაზე...
სკოლისა და კლასის დანახვაზე ერთი ქართული ფილმი გამახსენდა - „სამოთხის გვრიტები“.. სკოლაში არაა იმაზე მეტი რესურსი, რაც იმ ფილმშია ასახული; მხოლოდ დაფა და ცარცი, ცარცი და დაფა ..  სკოლაში მისვლამდე, ბევრი იდეა მქონდა წარმოსახვაში, თუმცა მისი განხორციელების პერსპექტივა კლასში შესვლითანავე დაინგრა და დაიმსხვრა; სკოლაში არაა ელექტროენერგია, არანაირი ტექნოლოგიური მოწყობილობა, არაფერი გარდა დაფისა და ცარცისა, ცარცისა და დაფისა...  ამ ფიქრებში გართული შევედი ოთახში, რომელიც ფიცრით იყო „გატიხრული“  და ფაქტიურად, ორ კლასში ერთად მიმდინარეობდა სწავლა; ვეღარ ვიხსენებ იმ მასწავლებელს, რომელიც „მეორე“ კლასში ატარებდა გაკვეთილს და პარალელურად ჩემსკენაც გამოექცეოდა ხოლმე თვალი - უსათუოდ  აინტერესებდა ჩემი ვინაობა, მოქმედება, ბავშვებთან დამოკიდებულება...
  
             ბავშვები გულწრფელები არიან, ბავშვები ყველაფერს გრძნობენ .         ვნერვიულობდი, რომ არ შეემჩნიათ ჩემი დაძაბულობა, გამოუცდელობა, არაგულწფელი ღიმილი ...   ახლა სასაცილოდ არ მყოფნის ამის გახსენება, თუმცა მაშინ ნამდვილად მქონდა  საბაბი, რომ დაძაბული ვყოფილიყავი..  კომუნიკაცია ასე თუ ისე პრიმიტიული დიალოგებით წამოვიწყე  და მოქმედებაში მოვიყვანე „სხეულის ენა“ და თითქმის ყველა კუნთი; არ ვზოგავდი თავს და ყველანაირი მიმიკით ვცდილობდი გამომეხატა სათქმელი, რათა პირველივე გაკვეთილზე არ დავთრგუნულიყავი...  ის 45 წუთი, 45 დღედ გადაიქცა, არა და არ დასრულდა, გაიწელა და თან გაიყოლა მთელი ჩემი მოთმინება, ენერგია და ძალისხმევა...  პირველი  გაკვეთილის შემდეგ, უკვე „გამოცდილებით“ შეიარაღებულმა გავიცანი სხვა კლასის მოსწავლეებიც და გაკვეთილების ბოლოს, ბედნიერი  და კმაყოფილი სახით დავბრუნდი სახლში..
  შემდეგ რა მოხდა თავადაც აღარ მახსოვს; ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა - ბავშვებმა მალევე ამიღეს ალღო და „გამიშინაურდნენ“;  რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად ლაღები ხდებიან ჩემს მიმართ; ვხედავ, როგორ შემორბიან ინგლისურის კაბინეტში, მაშინაც კი, როცა გაკვეთილი უცდებათ; ვხედავ და მიხარია, როდესაც  აკაკუნებენ კარზე და მთხოვენ  გაკვეთილზე დასწრებას; რასაკვირველია, უარს არ ვეუბნები, თუ ოთახში არის საკმარისი სივრცე;


                                                                            * * * * *   


     ყველაზე მეტად მაინც ის მიხაროდა, რომ  საკუთარი კაბინეტი გამომიყო დირექტორმა;  პატარა  ღუნღულა ოთახი, რომელსაც ჩემებურად გამოვაწყობდი, ჩემებურ ხასიათს  შევიტანდი შიგ და გავალამაზებდი ბავშვებისთვის;  აბსოლუტურად ყველა სასწავლო მასალა, რომელსაც საჭიროდ ვთვლიდი,  შევქმენი, ამოვბეჭდე და გავაკარი კედლებზე; საკუთარი რესურსებით კი (რომელიც არც თუ ისე იაფი დამიჯდა), შევიძინე  საკანცელარიო ნივთები და კედლები სხვადასხვა თემატიკის ლექსიკური მარაგის  შემცველი სურათებით მოვრთე; მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს, ეს კაბინეტი გაცილებით მიმზიდველია ყველასთვის, ვიდრე აქამდე იყო და ჩემთვის შედარებით კომფორტულიც; თუმცა, ვისურვებდი, რომ ყველანაირი საშუალება და რესურსი მქონდებოდა, რათა  გაცილებით საინტერესოდ წარმემართა ჩემი საქმიანობა; 









შეიძლება გასაკვირად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ .. ვცდილობ, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, დავეუფლო აზერბაიჯანულ  ენას; უფრო მეტად ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი  საინტერესოდ, სამ  ენაზე საუბრის  თანხლებით წარვმართო - ვასწავლო ინგლისური და ამასთანავე ვეცადო, რომ მათთვის გაუგებარი სიტყვები, გასაგებ (მშობლიურ) ენაზე მივაწოდო და თან მისი ქართული შესატყვისიც დავურთო; კომუნიკაციას გაცილებით მიმარტივებს ონლაინ-ლექსიკონი, რომელიც ჩემი განუყრელი და დამხმარე მეგობარია სკოლაში ყოფნისას; 
  გასაკვირია ისიც, რომ  მიყვარს ის გზა, რომელსაც კვირაში სამჯერ, ფეხით გავდივარ, სკოლამდე და პირიქით;  გზა საკმაოდ ვრცელია და მის დაფარვას მინიმუმ ნახევარი საათი სჭირდება; ის ხან წვიმიანი, ხან ნისლიანი და ხანაც თოვლიანია;  მზეც ხშირად არის, თუმცა ამ გზას მოღუშული ამინდი უფრო უხდება, ჩემებური ამინდი ..   



მიყვარს ამ გზაზე სიარული, როდესაც ფიქრებში გართულს, ბუნდოვნად მესმის საკუთარი “Playlist”-ის ხმა; ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება ირგვლივ, რა ხდებოდა ადრე, რა მოხდება მომავალში.. როგორ შეიცვლებიან ჩემი მოსწავლეები, რა გზას დაადგებიან ცხოვრებაში, რამდენად დასამახსოვრებელი იქნება მათთვის ჩვენი ერთად გატარებული წუთები, საათები, დღეები ...  გული მწყდება იმაზე, რომ თითოეულ მათგანს ვერ ვწვდები სიღრმისეულად, მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა..  




 ბევრ რამეზე მწყდება გული და ბევრი რამეც მიხარია, ბევრიც მინდა დავწერო, თუმცა ვგრძნობ, რომ მუზამაც მოიწყინა და წუთი-წუთზე დამტოვებს.. საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან ...
სულ ეს იყო, რისი თქმაც მოვასწარი...  ბევრისთვის ვრცელი და წასაკითხად  დასაზარი, თუმცა, ის, ვინც ამას ბოლომდე წაიკითხავს,  ალბათ მიხვდება, რისი გადმოცემაც მინდოდა .... 





Wednesday, January 28, 2015

'My English World'

პროექტის 'My English World' დაწვრილებითი აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: 

http://ewandidebeli.blogspot.com/2015/01/tpdc-2014.html

პედაგოგთა ეროვნულ კონფერენციაზე, უამრავ მასწავლებელს გაუჩნდა სურვილი, რომ აღნიშნული ვიდეო-თამაში საკუთარ სკოლაში ჩაეტარებინა; აქედან გამომდინარე, მინდა გაგიზიაროთ ეს სასწავლო რესურსი, რომელიც ნამდვილად დაგემარებათ სასწავლო საგნის პოპულარიზაციაში და  ნამდვილად აამაღლებს სასწავლო მოტივატიას თქვენს თქვენს მოსწავლეებში;

იდეის  ავტორი გახლავართ მე - ივანე დიდებელი, პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელი;

ქვემთ იხილავთ თამაშის სამ ნაწილს, რომელიც დაფუძნებულია Macmillan-ის გამოცემის  "English World"-ის პირველ, მეორე და მესამე დონეზე; 
თამაშში გამოყენებულია ლექსიკური მარაგი სამივე დონის გათვალისწინებით; დავალებებს დართული აქვს CD Room-ში მოცემული ორიგინალი სიმღერების კარაოკე ვერსიები;

ვიდეოების ბოლოს ატვირთულია პასუხების ფურცელი და ე.წ. "სიტყვების ბანკი", რომელიც  თქვენ წინასწარ უნდა მისცეთ მოსწავლეებს,  კონკრეტულ პერიოდში ასათვისებლად;

 დაბოლოს, თუ თქვენი სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით (პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი...), მაშინ თავისუფლად შეძლებთ ამ რესურსის გამოყებას;

პირველ ვიდეოში წარმოდგენილია თბილისის 216-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი, რომელიც ზუსტად შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ რა ფორმითა და რა სახით შეგიძლიათ მისი ჩატარება სკოლაში; 





გისურვებთ წარმატებებს!


My English World  I

 



პასუხების ფურცელი: 











სიტყვების  ბანკი: 







My English World  II





პასუხების ფურცელი: 






სიტყვების  ბანკი:  











My English World  III





პასუხების ფურცელი: 









სიტყვების  ბანკი: 














200 MOVIES

200  ფილმი, რომელმაც, შესაძლოა, დაგაინტერესოთ! კინო-ინდუსტრიაში, მუსიკალური ინდუსტრიისგან განსხვავებით, ნაკლებად კომპეტენტური ვარ. მიუხედავა...