ბერთაკარის საბაზო სკოლა;
2014 - 2015 სასწავლო წელი;
სოფელი ბერთაკარი (ყოფილი ბექთაკარი) მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აკაურთას თემში; ბოლნისიდან მოშორებულია 15 კილომეტრით და მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 860 მეტრზე მდებარეობს; არაქართულენოვანი სოფელი აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობითაა დაკომპლექტებული; 2002 წლის მონაცემებით სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 289 ადამიანს, თუმცა 12 წლის შემდეგ, სოფელი გაცილებით პატარა და "დაცლილი" ჩანს..
*****
სკოლისკენ გზად
მიმავალს, ხშირად მომსვლია მუზა, რომ „არაქართული“
ემოციები ცხელ გულზე გადმომეცა, თუმცა, რამდენჯერაც წერა დავაპირე, მაშინვე წავიდა; ახლა ის ჩემთანაა და მიბიძგებს, რომ უკანასკნელი
თვეების განცდებს თავი ერთად მოვუყარო და თქვენამდე
მოვიტანო; თავდაპირველად კი მოგახსენებთ, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი:
სასერტიფიკაციო
გამოცდების ჩაბარებამდე, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ გავმხდარიყავი საგანმანათლებლო
პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შესანიშნავი ოჯახის წევრი; გამოცდების ჩაბარებისა და შემდგომი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, აღმოვჩნდი ჩემთვის სრულიად უცხო მხარეში; გადაწყდა,
რომ უახლოესი ერთი წელი, ბოლნისის რაიონში უნდა შემესრულებინა ჩემი სამუშაო;
ტრენინგის დასრულებიდან
რამდენიმე დღის შემდეგ, დავადექი ბოლნისის გზას; გზას, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო
იყო, თუმცა ვცდილობდი, რომ ეს სიუცხოვე საკუთარი
თავისთვისაც არ მეგრძნობინებინა; წვიმიანი დღე იყო .. მიყვარს წვიმა, რადგან, მხოლოდ
მას შეუძლია შემოინახოს ემოციები ისეთივე ცოცხალი სახით, როგორიც რეალობაში იყო.. ხარბი თვალებით
ვუყურებდი მიკროავტობუსის ფანჯრიდან მფრინავ ობიექტებს - ჰქონდათ ბევრი საერთო და ბევრიც
განსხვავებული იმ ადგილებისგან, სადაც მე ვყოფილვარ ოდესმე.. თუმცა ეს სრულიად სხვა იყო - შიში უცხო გარემოსი
და ადამიანებისა, განსხვავებული კულტურისა,
რელიგიისა, ტრადიციებისა .. თითქმის აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ განსხვავებული
გარემო ჩემზე უარყოფითად იმოქმედებდა, მაგრამ მაინც არ შევშინდი და შევეცადე საკუთარი
თავის დარწმუნებას იმაში, რომ მე ამას ადვილად შევძლებდი.
მძღოლმა მანიშნა,
აი აქ უნდა ჩამოხვიდეო; მეც დავუჯერე, სხვა რა გზა მქონდა?! ვიდექი გაჩერებაზე და უცხო
მხარეში, უცხო სკოლის, უცხო დირექტორს ველოდი ... ლოდინი ცოტა დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა
საბოლოოდ თვალუწვდენელ გზაზე შევამჩნიე მისი მანქანა;
აღარ მახსოვს უცხო
მანქანაში ჩაჯდომისას ჩემი პირველი სიტყვები,
თუმცა ზედმიწევნით მახსოვს, თუ როგორ "გავოგნდი" ბატონ ნოფალან საუბარში; სასიამოვნოდ
გამიკვირდა და გამეხარდა მისი გამართული ქართული, გულწრფელობა და პოზიტიური
დამოკიდებულება; ამ ყველაფერმა კი სითამამე
შემმატა და საკმაო მიზეზი მომცა, რომ გავხსნილიყავი მასთან საუბარში; საინტერესო დიალოგი
გამოგვივიდა.. იმდენად საინტერესო, რომ სკოლისკენ მიმავალი გზის დამახსოვრება ვერც კი
შევძელი ლაპარაკში გართულმა; თუმცა კარგად მახსოვს ის შემაღლებული ადგილები, რომლის დაძლევაც მანქანასაც
კი გაუჭირდა.
-
"აი თითქმის მოვედით" - მითხრა დირექტორმა და რამდენიმე წამის შემდეგ გადმოვედით მანქანიდან;
- "სკოლა სადაა"? - ვიკითხე განცვიფრებული სახით;
-
"აი ესაა სკოლა" - მიმითითა დირექტორმა ერთსართულიან, პატარა,
ავარიულ შენობაზე; შეობაზე, რომელიც პატარა სახლს ჰგავდა ზომით;
-
(... აი აქ კი აღარ მახსოვს რა ვთქვი) - არვიცი უკმაყოფილება სახეზე ასე აშკარად გამომეხატა თუ არა, მაგრამ დირექტორმა
მყისვე მიმითითა მეორე „კოტეჯზე“, რომელიც გაცილებით ლამაზად გამოიყურებოდა და დამამშვიდა,
მითხრა რა, რომ იმ „კოტეჯის“ ორი ოთახიდან, ერთში კაბინეტის მოწყობის უფლებას მომცემდა..
მანამ,
სანამ გავაცნობიერე, რა ხდებოდა ჩემს თავს, ჩემდა უნებურად „მომავალ“ კოლეგებსაც ჩამოვართვი
ხელი, მივესალმე ქართულად და მზერა სკოლის ეზოში გამოფენილ ბავშვებს მივაპყარი; თითქოს
ვცდილობდი გამერკვია, რა უნდოდათ და რატომ მომჩერებოდნენ ასეთი უცნაური თვალებით; არც
მათი ენა ესმოდა ყურს და არც იმ თვალებიდან მომავალი მზერა იყო ნაცნობი..
-
„დღეს დაღლილი იქნები, პირველი დღეა და თუ სურვილი გაქვს
დაისვენეო“ - მითხრა დირექტორმა და „გაბრუებულ“ მდგომარეობაში წამომიყვანა უკან, ბოლნისამდე ...
* * * * *
* * * * *
თბილისში დაბრუნება ასე ბოლოს როდის
გამეხარდა არ მახსოვს, თუმცა დღემდე იმასაც
ვერ მივმხვდარვარ, თუ რატომ მივიღე ეს ყველაფერი ასე მძაფრად.. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი თითქმის ბოლომდე
მყავდა შემზადებული, რეალობა მაინც უფრო მძიმე და დამთრგუნველი აღმოჩნდა ჩემთვის..
მეორე დღეს, დილაადრიან დავიძარი თბილისიდან და შევეცადე, სკოლამდე დამოუკიდებლად მისვლას, თუმცა
ამაოდ, - დავიკარგე! „არსაიდამ ხმა, არსით
ძახილი!“ - ნახევარი საათი ისე ვიარე, გზად არავინ შემხვედრია, მხოლოდ რამდენიმე მანქანამ
ჩამიარა სწაფი სიჩქარით; დილის ათზე, უკვე ხმაც იყო და ძახილიც - თუმცა რად გინდა,
არც ხმა მესმოდა მათი და არც ძახილი; არა, კი "მესმოდა", მაგრამ მაინც არ მესმოდა;
ვიცოდი, რომ სოფელს "ბერთაკარი" ერქვა,
თუმცა, გზად მომავლებს, ვერ გავაგებინე სად მივდიოდი და რა მინდოდა; რუსული არ იცოდნენ
და არც მათი ქართული სიტყვების მარაგი აღმოჩნდა იმდენად ვრცელი, რომ ჩემთან კომუნიკაციაში შემოსულიყვნენ; ერთ საათიანი იმედგადაწურული
სიარულის შემდეგ, დავინახე სოფლის გადასახევი, რომელიც სკოლამდე ამიყვანდა;
-
„ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის“ - გავიფიქრე და ვცდილობდი, როგორმე დამენახა, რა ხდებოდა თითოეული მეტრის იქით; ზუსტად 50 წუთი
ვიარე ნისლიან მთებზე .. ოქტომბრის დასაწყისი იყო, თუმცა საკმაოდ ციოდა .. აი აქ, კი ნამდვილად
უსუსურად ვიგრძენი თავი.. არვიცი სად მივდიოდი, რა გზით, როგორ ... ვერც ვერავის ვხედავდი და ვერც ვერავინ მხედავდა;
თუმცა, დაჟინებით გადავწყვიტე, რომ უკან არ დავბრუნდებოდი..
-
„школа далеко?“ - შევძახე დანგრეული რუსულით, ერთ-ერთ
მოსახლეს (მანდილოსანს) განწირული ხმით; - „далеко“ - უმალვე მომაგება მან პასუხი და ჩავთვალე,
რომ ყველაფერი არც ისე კარგად იყო, როგორც მე მეგონა;
-
„ისევ დავიკარგე, ჯანდაბა!“ - აღარ დავუბრუნე პასუხი
მანდილოსანს და ცივად გავაგრძელე გზა პირდაპირ;
ძველი და ავარიული შენობა მეცნო, სწორედ
იმ სკოლას მივამსგავსე, რომელიც გუშინ მანახეს.. არა?! კი, კი ეს ის არის, ნამდვილად
ისაა! უბედნიერესი და „უკმაყოფილესი“ სახით შევედი ერთსართულიან შენობაში...
* * * * *
ნამდვილად არ მახსოვდა ის სახეები,
რომლებიც გუშინ ვნახე.. აღარც ის ხელები მახსოვდა,
გუშინ რომ ხელი ჩამომართვეს; მასწავლებლებთან დიდხანს საუბარი არ დამცადდა (ან რა უნდა მესაუბრა,
წარმოდგენაც არ მქონდა), სასწავლო ნაწილმა გამზადებული ცხრილი მომცა, მეშვიდე კლასის ჟურნალი
ხელში შემომაჩეჩა და მიმითითა კლასის ადგილმდებაროებაზე...
სკოლისა და კლასის დანახვაზე ერთი
ქართული ფილმი გამახსენდა - „სამოთხის გვრიტები“.. სკოლაში არაა იმაზე მეტი რესურსი,
რაც იმ ფილმშია ასახული; მხოლოდ დაფა და ცარცი, ცარცი და დაფა .. სკოლაში მისვლამდე, ბევრი იდეა მქონდა წარმოსახვაში,
თუმცა მისი განხორციელების პერსპექტივა კლასში შესვლითანავე დაინგრა და დაიმსხვრა;
სკოლაში არაა ელექტროენერგია, არანაირი ტექნოლოგიური მოწყობილობა, არაფერი გარდა დაფისა
და ცარცისა, ცარცისა და დაფისა... ამ ფიქრებში
გართული შევედი ოთახში, რომელიც ფიცრით იყო „გატიხრული“ და ფაქტიურად, ორ კლასში ერთად მიმდინარეობდა სწავლა;
ვეღარ ვიხსენებ იმ მასწავლებელს, რომელიც „მეორე“ კლასში ატარებდა გაკვეთილს და პარალელურად
ჩემსკენაც გამოექცეოდა ხოლმე თვალი - უსათუოდ
აინტერესებდა ჩემი ვინაობა, მოქმედება, ბავშვებთან დამოკიდებულება...
ბავშვები გულწრფელები არიან, ბავშვები
ყველაფერს გრძნობენ . ვნერვიულობდი,
რომ არ შეემჩნიათ ჩემი დაძაბულობა, გამოუცდელობა, არაგულწფელი ღიმილი ... ახლა სასაცილოდ არ მყოფნის ამის გახსენება, თუმცა მაშინ ნამდვილად
მქონდა საბაბი, რომ დაძაბული ვყოფილიყავი..
კომუნიკაცია ასე თუ ისე პრიმიტიული დიალოგებით წამოვიწყე და მოქმედებაში მოვიყვანე „სხეულის ენა“ და თითქმის
ყველა კუნთი; არ ვზოგავდი თავს და ყველანაირი მიმიკით ვცდილობდი გამომეხატა სათქმელი,
რათა პირველივე გაკვეთილზე არ დავთრგუნულიყავი...
ის 45 წუთი, 45 დღედ გადაიქცა, არა და არ დასრულდა, გაიწელა და თან გაიყოლა
მთელი ჩემი მოთმინება, ენერგია და ძალისხმევა... პირველი
გაკვეთილის შემდეგ, უკვე „გამოცდილებით“ შეიარაღებულმა გავიცანი სხვა კლასის
მოსწავლეებიც და გაკვეთილების ბოლოს, ბედნიერი
და კმაყოფილი სახით დავბრუნდი სახლში..
შემდეგ რა მოხდა თავადაც აღარ მახსოვს; ყველაფერი
ბუნებრივად წარიმართა - ბავშვებმა მალევე ამიღეს ალღო და „გამიშინაურდნენ“; რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად ლაღები ხდებიან
ჩემს მიმართ; ვხედავ, როგორ შემორბიან ინგლისურის კაბინეტში, მაშინაც კი, როცა გაკვეთილი
უცდებათ; ვხედავ და მიხარია, როდესაც აკაკუნებენ კარზე და მთხოვენ გაკვეთილზე
დასწრებას; რასაკვირველია, უარს არ ვეუბნები, თუ ოთახში არის საკმარისი სივრცე;
* * * * *
* * * * *
ყველაზე მეტად მაინც ის მიხაროდა, რომ საკუთარი კაბინეტი გამომიყო დირექტორმა; პატარა ღუნღულა
ოთახი, რომელსაც ჩემებურად გამოვაწყობდი, ჩემებურ ხასიათს შევიტანდი შიგ და გავალამაზებდი ბავშვებისთვის;
აბსოლუტურად ყველა სასწავლო მასალა, რომელსაც
საჭიროდ ვთვლიდი, შევქმენი, ამოვბეჭდე და გავაკარი
კედლებზე; საკუთარი რესურსებით კი (რომელიც არც თუ ისე იაფი დამიჯდა), შევიძინე საკანცელარიო ნივთები და კედლები სხვადასხვა თემატიკის
ლექსიკური მარაგის შემცველი სურათებით მოვრთე;
მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს, ეს კაბინეტი გაცილებით მიმზიდველია ყველასთვის, ვიდრე აქამდე
იყო და ჩემთვის შედარებით კომფორტულიც; თუმცა, ვისურვებდი, რომ ყველანაირი საშუალება
და რესურსი მქონდებოდა, რათა გაცილებით საინტერესოდ
წარმემართა ჩემი საქმიანობა;
შეიძლება გასაკვირად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ .. ვცდილობ, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, დავეუფლო აზერბაიჯანულ ენას; უფრო მეტად ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ, სამ ენაზე საუბრის თანხლებით წარვმართო - ვასწავლო ინგლისური და ამასთანავე ვეცადო, რომ მათთვის გაუგებარი სიტყვები, გასაგებ (მშობლიურ) ენაზე მივაწოდო და თან მისი ქართული შესატყვისიც დავურთო; კომუნიკაციას გაცილებით მიმარტივებს ონლაინ-ლექსიკონი, რომელიც ჩემი განუყრელი და დამხმარე მეგობარია სკოლაში ყოფნისას;
გასაკვირია
ისიც, რომ მიყვარს ის გზა, რომელსაც კვირაში
სამჯერ, ფეხით გავდივარ, სკოლამდე და პირიქით;
გზა საკმაოდ ვრცელია და მის დაფარვას მინიმუმ ნახევარი საათი სჭირდება; ის
ხან წვიმიანი, ხან ნისლიანი და ხანაც თოვლიანია; მზეც ხშირად არის, თუმცა ამ გზას მოღუშული ამინდი
უფრო უხდება, ჩემებური ამინდი ..
მიყვარს ამ გზაზე სიარული, როდესაც ფიქრებში გართულს, ბუნდოვნად მესმის საკუთარი “Playlist”-ის ხმა; ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება ირგვლივ, რა ხდებოდა ადრე, რა მოხდება მომავალში.. როგორ შეიცვლებიან ჩემი მოსწავლეები, რა გზას დაადგებიან ცხოვრებაში, რამდენად დასამახსოვრებელი იქნება მათთვის ჩვენი ერთად გატარებული წუთები, საათები, დღეები ... გული მწყდება იმაზე, რომ თითოეულ მათგანს ვერ ვწვდები სიღრმისეულად, მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა..
ბევრ რამეზე მწყდება გული და ბევრი რამეც მიხარია, ბევრიც მინდა დავწერო, თუმცა ვგრძნობ, რომ მუზამაც მოიწყინა და წუთი-წუთზე დამტოვებს.. საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან ...
მიყვარს ამ გზაზე სიარული, როდესაც ფიქრებში გართულს, ბუნდოვნად მესმის საკუთარი “Playlist”-ის ხმა; ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება ირგვლივ, რა ხდებოდა ადრე, რა მოხდება მომავალში.. როგორ შეიცვლებიან ჩემი მოსწავლეები, რა გზას დაადგებიან ცხოვრებაში, რამდენად დასამახსოვრებელი იქნება მათთვის ჩვენი ერთად გატარებული წუთები, საათები, დღეები ... გული მწყდება იმაზე, რომ თითოეულ მათგანს ვერ ვწვდები სიღრმისეულად, მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა..
ბევრ რამეზე მწყდება გული და ბევრი რამეც მიხარია, ბევრიც მინდა დავწერო, თუმცა ვგრძნობ, რომ მუზამაც მოიწყინა და წუთი-წუთზე დამტოვებს.. საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან ...